istoriuli soflebi  
  
 
 

vaSlijvari
უბანი, ყოფილი სოფელი თბილისის დასავლეთ ნაწილში, მტკვრის ხეობის მარჯვენა მხარეს, მდ. დიღმისწყლის მარჯვენა ნაპირზე, ძირითადად ონადირის მთის ფერდობის ირგვლივ.

ვაშლიჯვრის ტერიტორიაზე ადამიანს ჯერ კიდევ ძვ. წ. IV–III ათასწლეულებში უცხოვრია. 1959 წელს დიღმისწყლის ხიდთან აღმოჩნდა გვიანდელი ანტიკური–ადრეფეოდალური ხანის ორმოსამარხები და ქვაყუთები. ვაშლჯვრის მიდამოებში რეგულარული არქეოლოგიური გათხრები 1968 წლიდან ტარდება. 1972 წელს დიღმისწყლის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე ქედზე აღმოჩნდა ადრეფეოდალური ხანის IV–VII საუკუნეების სამაროვანი, 1981 წელს - მტკვარ-არაქსის ეპოქისა და ახ. წ. I ათასწლეულის ძეგლები. ექსპედიციამ (ხელმძღვ. რ. აბრამიშვილი) ადრინდელ შუა საუკუნეების სამაროვანზე აღმოაჩინა ქვის ფილებით გადახურული ორმოსამარხები და ქვაყუთები.

ვაშლიჯვრის ისტორიული ბედი მჭიდროდ არის დაკავშირებული სოფ. დიღომთან. გვიანდელ შუა საუკუნეებში ვაშლიჯვარი დიღმის მოურავის იურისდიქციას ექვემდებარებოდა. XIX საუკუნეში აქ გაშენდა ზვრები, საბჭოთა პერიოდში კი დაარსდა საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის კვლევითი ინსტიტუტი თავისი ექსპერიმენტული ბაზით, რომელიც საქართველოს ქალაქებსა და სოფლებს საადრეო-სასუფრე ყურძნის ჯიშით ამარაგებდა. XIX საუკუნის 80-იან წლებში ვაშლიჯვარი სოფლის ტიპის დასახლება იყო. თანდათან ის თბილისს შეერწყა. 1989 წელს ვაშლიჯვრის ტერიტორიაზე გაშენდა ახალი საცხოვრებელი უბანი მრავალსართულიანი სახლებით დაახლ. 39 ათას მოსახლეზე (არქიტექტორები: გ. შავდია, ო. არველაძე, ე. რუხაძე, თ. ჯირაშვილი). საკუთრივ სოფელი ვაშლიჯვარი კი, რომელმაც სახელი მისცა ახალ დასახლებას, მის აღმოსავლეთ ნაწილში მოექცა. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით (2014) ვაშლიჯვარი დიღომთან ერთად შეადგენს ერთ უბანს (უბანი №9).

ვაშლიჯვრის მიდამოებში შემორჩენილია განვითარებული შუა საუკუნეების ონადირის (მონადირის) დარბაზული ეკლესია (IX–X სს.). ვაშლიჯვრის ტერიტორიაზე განთავსებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ძალების ბაზა.


მხარე თბილისი
თემი სამგორი
კოორდინატები 41°42`53″ ჩ. გ. 44°54`01″ ა. გ.
ადრეული სახელები  
ცენტრის სიმაღლე 650 მ
ფართობი  
მოსახლეობა 3004 კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 97,1 %
სომხები 1,7 %
ოსები 0,3 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
საფოსტო ინდექსი